პროტესტი უსინათლოთა კავშირში - რა გადაწყდა სასამართლოზე და რას პასუხობს ბრალდებას კავშირის თავმჯდომარე

09.11.23 17:21
პროტესტი უსინათლოთა კავშირში - რა გადაწყდა სასამართლოზე და რას პასუხობს ბრალდებას კავშირის თავმჯდომარე

უსინათლოთა კავშირში პროტესტია - მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ. დღეს ხმაურიან საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. 

განსასჯელის სკამზე კავშირის ხელმძღვანელი პირები ისხდნენ, ვისაც მილიონიანი ქონების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. 35 ათას ლარიანი გირაო უსინათლოთა კავშირის ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან მაისურაძეს და 7 ათას ლარიანი გირაო მოქმედ ხელმძღვანელს სოფო ხუციშვილს - ეს არის მოსამართლის გადაწყვეტილება. თუმცა დღეს მოსამართლემ სოფო ხუციშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კავშირის მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა უსინათლოთა კავშირის ქონება და უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს.

კავშირის წევრები უკვე წელიწადზე მეტია ამბობენ, რომ მათი ფული კავშირის თავმჯდომარემ გაფლანგა და მათი საჭიროებებისთვის არაფერი გაკეთებულა, თუმცა თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

სამწუხაროა, არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ რევაზ მაისურაძეს იმდენად დიდი გავლენა აქვს კავშირის წევრებზე, რომ ბევრ რამეში შეუძლია, თითქმის ყველა ადამიანი დაარწმუნოს, იმდენად ძლიერი ლოგიკა აქვს, რომ მოსამართლეზეც კი იქონია გავლენა, რომ ის არ უნდა ჩამოეცილებინა საქმიანობისთვის. ამ ადამიანმა იმდენი საშინელება ჩაიდინა კავშირის საწინააღმდეგოდ, რომ ვფიქრობ, რომ მოსამართლეს სცოდნოდა რეალურად რა ხდება და როგორ იყო საქმე, არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას,“ - ამბობს ლელა ვეფხვაძე.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და მეორე ინსტანციაში მოითხოვენ ხელმძღვანელის მხრიდან თანამდებობის დატოვებას.

ერთი გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ გამოიტანა ეს იყო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა ორივე ბრალდებულს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სასამართლოსგან ველოდით, რომ უფლებამოსილების შეწყვეტასაც გამოიყენებდა და სავარაუდოდ, ბრალდების მხარე ამ საკითხსაც გაასაჩივრებს. ვინაიდან, რისკი იმის, რომ კიდევ გაჩუქდეს შშმ პირთა ქონება და გაიფლანგოს და ახალი დანაშაული იქნას ჩადენილი, ამაში ხელს ფაქტობრივად, არაფერი არ უშლის ამ ხელმძღვანელობას, რომელსაც დღეს ბრალი აქვს წარდგენილი,“ - ამბობს ადვოკატი.

როგორ პასუხობს თანხების გაფლანგვის ბრალდებას უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს სოფო ხუციშვილი და სასამართლოს სრულ ნდობას უცხადებს.

გამოძიება მიმდინარეობს, სასამართლოშია საქმე წასული და საბოლოო პასუხს სასამართლო გასცემს - ვინ არის დამნაშავე, ვინ მართალი, ვენდობი ჩვენს სასამართლოს.
(ჟურნალისტის კითხვა: რატომ გედებათ ბრალი გაფლანგვაში?) ამას სადაც საჭიროა, იქ დავაფიქსირებ და იქ მოხდება ამის შეფასება,“ - ამბობს სოფო ხუციშვილი.