არჩევნებს დიდი ყურადღება მიექცევა - ევროპარლამენტარი კალიურანდი
2024 წლის არჩევნები არის მთავარი საკითხი, რასაც ევროპარლამენტარები ყურადღებით დააკვირდებიან. ევროპარლამენტი მარინა კალიურანდი "პირველებთან" ამბობს, რომ დასავლეთი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება და საჭიროდ თვლიან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლას.
ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, მაშინ უმთავრესია საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა, სხვა შემთხვევაში პარტნიორებს უჩნდებათ კითხვა - "გინდათ თუ არა იყოთ ევროკავშირის წევრი?"
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით არჩევნებს. იმისთვის, რომ არჩევნების რეალური სურათი გამოიკვეთოს, აუცილებელია გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ალბათ, გახსოვთ, გასული არჩევნებისას ბარიერი იყო დაბალი. არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და კონკურენტუნარიანი. მე ვიტყოდი, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ეს მეტისმეტად დაბალი ბარიერია. საქართველოს შეუძლია და უნდა გააკეთოს გაცილებით მეტი. რა თქმა უნდა, არჩევნებს დიდი ყურადღება მიექცევა. ვფიქრობ, ეს იქნება შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი დემოკრატიული რეფორმებისთვის და საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავლისთვის.
მე მესმის, რამდენად რთულია სიტუაცია დემოკრატიასთან დაკავშირებით. თქვენი ერთი მოქალაქე ახლახანს მოკლეს, ერთი მოიტაცეს. რუსეთი აგრესორია. რუსეთი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს. რა თქმა უნდა, მესმის, რამდენად რთულია სანქციების დაწესება. თუმცა ვფიქრობ, გარკვეული კუთხით უნდა გადახედოთ თქვენს საგარეო პოლიტიკას. თუ გინდათ ევროკავშირთან თანხვედრაში იყოთ, მაშინ უნდა იყოთ საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაშიც, სხვა გზა არაა, თუ ეს არ გინდათ, მაშინ ჩნდება კითხვა, გინდათ თუ არა იყოთ ევროკავშირის წევრი?" - ამბობს კალიურანდი.