"ბრავო ქართველ ხალხს" - მაკრონი მილოცვას ქართულ ენაზე აქვეყნებს
"ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას", - ამ სიტყვებით ულოცავს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოს მოსახლეობას საფრანგეთის პრეზიდენტი.
ემანუელ მაკრონი მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე აქვეყნებს და პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მისალოც სტატუსში საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.
ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით," - წერს მაკრონი.
ემანუელ მაკრონი პრემიერ ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში დღეს შეხვდა და ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. შეხვედრის დროს პრემიერმა, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.