ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება - ევროკავშირის ელჩი
"ვიმედოვნებ, მომავალში რუსეთის სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება", - ამ განცხადებას ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის რეკომენდაციის გაცნობის შემდეგ აკეთებს.
რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები "ძვირად უჯდება ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს. თითოეული წევრი სახელმწიფო იხდის ძალიან მაღალ ფასს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო".
ჩვენ კოლექტიურად ჩავთვალეთ, რომ რუსეთი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რასაც უკრაინაში სჩადის. ამიტომაც, ჩვენი წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის მძიმე ფასის მიუხედავად, გადავწყვიტეთ განგვეხორციელებინა ეს სანქციები და შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა მორიგ პაკეტზე...
ამას არ ვაკეთებთ მარტოები, არამედ ჩვენს მსგავსად მოფიქრალ პარტნიორებთან ერთად, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით, დიდი შვიდეულის ფარგლებში და ვცდილობთ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე რაც შეიძლება ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მონაწილეობით", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთია იმ პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მკაფიოდ უჭერს მხარს რუსეთის იზოლაციას. თუმცა, ელჩი ამბობს, რომ დასავლური ქვეყნებისთვის საქართველოს გადაწყვეტილება ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი რეისების აღდგენასთან დაკავშირებით, დასანანია.
ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ ვაჭრობის სფეროში ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს. სრულად მესმის დასაბუთება: საქართველო [რუსეთის] მეზობელი ქვეყანაა. მისი ეკონომიკა დიდად განსხვავდება ჩვენისგან და რუსეთთან ვაჭრობა მისთვის ჯერაც ძალიან მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომავალში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს მიერ დაწესებულ და ყველა სხვა სანქციებთან საქართველოს შესაბამისობა გაიზრდება...
გამოვთქვამთ სინანულს [საქართველოსა და რუსეთს შორის] პირდაპირი რეისების აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღების გამო. ოთხ დღეში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული, უსაფუძვლო შეჭრიდან, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთსულოვნად გადაწყვიტეს აეკრძალათ რუსეთის ყველა ავიაკომპანიის ყველა თვითმფრინავის ყველა რეისი. ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაეშვა პირდაპირი რეისები [რუსეთთან]", - ამბობს ელჩი.
ელჩმა ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის კომუნიკაციასა და რიტორიკაზე. ელჩის შეფასებით, "უცნაური შეთქმულების თეორიები", რომელთა ნაწილიც ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული, ძირითადად ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა ამ რიტორიკის გაძლიერებას ხელს უწყობენ ზოგჯერ საქართველოს შიგნით მყოფი ძალებიც. ელჩი იმედოვნებს, რომ ყველა აქტორი, მათ შორის მთავრობაც ამ ნარატივებს შეეწინააღმდეგება.
თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა, ვიტყოდი, რომ ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი. მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე" , - განაცხადა ელჩმა.