ექნება თუ არა ოპოზიციის ახალ რეზოლუციას "ოცნების" მხარდაჭერა - რას ამბობენ საპარლამენტო უმრავლესობაში
ექნება თუ არა ოპოზიციის ახალ რეზოლუციას "ქართული ოცნების" მხარდაჭერა და გაფართოვდება თუ არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია? - მმართველი პარტიაში, ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. თუმცა სახელისუფლებო გუნდის წევრები საპარლამენტო ოპოზიციას რეზოლუციის პროექტში გაკეთებული ჩანაწერების გამო აკრიტიკებენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებასა და რუსი ოკუპანტების დასჯის მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე ამბობს, რომ საქართველოს დამნაშავეების დასჯის ბერკეტები არ აქვთ. ერთადერთი, რაც ქართულ მხარეს შეუძლია, პაპუაშვილის თქმით, ეს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მოწოდებაა. პაპუაშვილი ევროკავშირის მისამართით გაკეთებულ ძველ განცხადებას ისევ იმეორებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა ოკუპაციას ოკუპაცია უნდა დაარქვას.
დამნაშავეები არ იმყოფებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ წვდომა, განსაკუთრებით, რუსეთის ტერიტორიაზე არ გვაქვს იმისთვის, რომ დავსაჯოთ დამნაშავეები. სწორედ ამიტომ ასეთი განაცხადები მნიშვნელოვანია საერთაშორისო ზეწოლის გასააქტიურებლად.
ზეწოლის ჩვენ უშუალო ინსტრუმენტები რუსეთის მიმართ არ გაგვაჩნია, ან ძალიან შეზღუდულია, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაა მნიშვნელოვანი. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ოკუპაციას დაარქვას ოკუპაცია,“ - ამბობს პაპუაშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციაზე იერიში მიიტანა არჩილ თალაკვაძემაც. "ქართული ოცნების" დეპუტატმა რეზოლუციის პროექტი "მანიპულაციურ ტექსტად" მოიხსენია.
რადიკალური ოპოზიცია საქართველოს, ანუ თავის სახელმწიფოს, ვის პოლიტიკასაც ისინი წარმოადგენენ, თავის სახელმწიფოს სთხოვს და უყენებს პირობას, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოკლული თანამოქალაქის და გატაცებული, უკანონო ტყვეობაში მყოფი ადამიანის შესახებ მოახდინოს რეაგირება.
ეს არის მანიპულაციური ტექსტი, რომელიც აპრიორი ამბობს იმას, რომ თითქოს საქართველო აქამდე არაფერს აკეთებდა ოკუპაციის წინააღმდეგ.
ამ რეზოლუციას აინიცირებს ხალხი, რომლებმაც თავისი მოსახლეობა ომის დროს დატოვეს ომის ზონაში ევაკუაციის გარეშე,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
საპარლამენტო ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა და პარლამენტს ახალი რეზოლუციის დამტკიცებისკენ მოუწოდა. რეზოლუციის პროექტში არის განსაზღვრული ის ნაბიჯები, რაც ოკუპანტების მავნებლური პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას და ასევე, მიმართვაა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც.