"კარვების კანონი არ უნდა იქნას მიღებული" - გაითვალისწინებს თუ არა "ოცნება" ეუთო/ოდირის დასკვნას?
გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი ეუთო/ოდირის დასკვნას კარვების კანონთან დაკავშირებით - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჯერ საპარლამენტო უმრავლესობას ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.
როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, პოზიციას მმართველი პარტია გუნდში მსჯელობის შემდეგ დააფიქსირებს. მანამდე კი დავითულიანი ამტკიცებს, რომ კანონის შემუშავება ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდა.
კანონთან დაკავშირებით, როცა ხდებოდა მისი შემუშავება, შესწავლილი იქნა ევროპული პრაქტიკა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამაზე დაყრდნობით შემუშავდა კანონი. მიუხედავად ამისა, თუ ეუთო/ოდირის დასკვნა იყო უარყოფითი ამ კანონთან დაკავშირებით და ეს უკვე გაასაჯაროვეს, ამაზე მოხდება გუნდში მსჯელობა და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც გაგცემთ უფრო მკაფიო პასუხს,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.
„კარვების კანონი" არ უნდა იქნას მიღებული - ასეთია ეუთო/ოდირის დასკვნა. ეუთო/ოდირმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ სასწრაფო დასკვნა მოამზადა და კრიტიკულად შეაფასა. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.