რა ეტაპზეა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" აღსრულების საკითხი? - აქუბარდია პაპუაშვილს წერილით მიმართავს
რა ეტაპზეა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" აღსრულების საკითხი? - ამ კითხვით დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
დეპუტატი მიმართავს შალვა პაპუაშვილს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია, რა ღონისძიებები გაატარა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიის შექმნის შემდეგ. მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველწლიურად უნდა წარედგინათ ანგარიში აღსრულებასთან დაკავშირებით პარლამენტისთვის.
როგორც აქუბარდია ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რას აკეთებს აღმასრულებელი ხელისუფლება.
ბატონო შალვა,
მოგმართავთ საქართველოს მთავრობის №339 2018 წლის 26 ივნისის დადგენილებასთან
დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებასა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელ შესაბამის ღონისძიებებს.
მთავრობის დადგენილების მესამე პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულარულად საქართველოს პარლამენტისთვის უნდა წარედგინათ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე. ასევე საქართველოს ეროვნული ბანკს უნდა დავალებოდა აღსრულების შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის.შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით მომაწოდოთ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1. წარედგინებოდა თუ არა აღსრულების შესახებ ანგარიშები საქართველოს პარლამენტს?
2. გთხოვთ მომაწოდოთ ანგარიშები 2018 წლიდან დღემდე," - წერს თეონა აქუბარდია.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებასა და რუსი ოკუპანტების დასჯის მოთხოვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ამბობდა, რომ საქართველოს დამნაშავეების დასჯის ბერკეტები არ აქვთ. ერთადერთი, რაც ქართულ მხარეს შეუძლია, პაპუაშვილის თქმით, ეს საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მოწოდებაა. პაპუაშვილი ევროკავშირის მისამართით გაკეთებულ ძველ განცხადებას ისევ იმეორებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა ოკუპაციას ოკუპაცია უნდა დაარქვას.