რუსეთი არ იცვლება, ის ისეთივე იმპერიალისტური ბუნებისაა, როგორიც ყოველთვის იყო - პრეზიდენტი
"რუსეთმა, როგორც სჩვევია, ჩვენი ერთი მოქალაქე მოკლა, ხოლო მეორე გაიტაცა" - საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპანტების სისასტიკეზე პარიზში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთი არ იცვლება, ის ისეთივე იმპერიალისტური ბუნებისაა, როგორიც ყოველთვის იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს.
მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს. ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან [სად გადის მათი საზღვრები]. თუ მას [ევროპას] სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს [რომ მას საზღვრები გააჩნია] - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში გამართულ მშვიდობის ფორუმს დაესწრნენ. ფორუმის ფარგლებში მათ ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციასა და რუსეთის მხრიდან წამოსულ რისკებზე ისაუბრეს.