საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურს დღეს დაკრძალავენ
თამაზ გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ წუთებში წირვა მიმდინარეობს.
ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და თანასოფლელები. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირები გარდაცვლილ თამაზ გინტურს წესს აუგებენ, შემდეგ კი, ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი ანდრია პანაშვიდს გადაიხდის, რის შემდეგაც, 13:00 საათისთვის გარდაცვლილ თამაზ გინტურს საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ კირბალის სასაფლაოზე გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
გარდაცვლილის ძმის, ნიკოლოზ გინტურის განცხადებით, ოჯახს ერთადერთ მოთხოვნა აქვს, რომ მოხდეს დამნაშავეების სათანადოდ დასჯა.
მოვითხოვთ დამნაშავის დასჯას, თუ ვიღაცა მოგვაქცევს ყურადღებას და დამნაშავეს გადმოსცემენ საქართველოს, ძალიან დიდი მადლობლები ვიქნებით". - ამბობს გინტურის ძმა.
ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.