როდესაც ოკუპანტი გიკლავს მოქალაქეს და შენ მშვიდობაზე საუბრობ, ხარ შუბლის ძარღვგაწყვეტილი - კუპრაძე ღარიბაშვილზე
ამ დრომდე პოლიტიკური განხილვის საგნად არის ქცეული პრემიერის ბოლო გზავნილები. როგორ გამოიყენა ფრანგული ტრიბუნა ღარიბაშვილმა და რა მიზნით? ოპოზიციაში ფიქრობენ რომ მთავრობის მეთაურს ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი უთქვამს.
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ პრემიერი შუბლის ძარღვგაწყვეტილი ადამიანია, რადგან მშვიდობაზე საუბრობს მაშინ, როდესაც ოკუპანტი შენს მოქალაქეს კლავს და ამაზე ერთ სიტყვას არ ეუბნები მსოფლიოს.
ღარიბაშვილი არის ამ ქვეყანაში ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ბინძური, მძიმე წყარო, რომელიც ყოველთვის აჟღერებს სრულიად გაუგებარ განცხადებებს. როცა 3 დღის წინ შენივე კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტი რეჟიმი და ოკუპანტი სახელმწიფო გიკლავს მოქალაქეს და შენ საუბრობ მშვიდობაზე, შუბლის ძარღვ გაწყვეტილი ადამიანი ხარ, რაც ირაკლი ღარიბაშვილისგან არ გაგვკვირვებია, მთავარია საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მისი და "ოცნების" მხრიდან მომდინარე ანტიევროპული და პრორუსული პროპაგანდა და ჰქონდეს ამაზე შესაბამისი პასუხი და რეაგირება, განსაკუთრებით იმ მომდინარე არჩევნებზე, რომელიც ელოდება ჩვენს ქვეყანას". - ამბობს კუპრაძე.
პრემიერი, რომლის ქვეყნის მოქალაქეც რამდენიმე დღის წინ რუსებმა მოკლეს, საფრანგეთში გამართულ მშვიდობის ფორუმზე ამ დანაშაულს არ გამოხმაურებია.