ქართულმა სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს - იოსელიანი გინტურის მკვლელობაზე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორში იმყოფება და რუსი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ აგვისტოს ომის მონაწილეს ემშვიდობება. ლევან იოსელიანი მედიასთან ხელისუფლების მიერ გასატარებელ ნაბიჯებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობა მნიშვნელოვანია.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ ანალოგიური შემთხვევების თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.
ჩვენ პირველივე წუთიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულებით ჩართული ვართ ყველაფერში. ყველაზე მთავარი რაც არის, არის ის, რომ ქართულმა სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ანალოგიური შემთხვევები აღარ განმეორდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, ხელისუფლების აქტიური ნაბიჯები - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ქვეყანა თამაზ გინტურს ემშვიდობება - ამ წუთებში, რუსების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე გორის ეკლესიიდან გამოასვენეს და მშობლიური კირბალისკენ, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
რუსი ოკუპანტების მსხვერპლი ქართველი მამაკაცისთვის პატივის მისაგებად ხალხი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩავიდა.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.