"ოცნების" მერობის კანდიდატი - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ივანიშვილის დირექტივას ელოდება

15.06.21 11:28
 "ოცნების" მერობის კანდიდატი - ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ივანიშვილის დირექტივას ელოდება

ვინ იქნება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი - მმართველი გუნდი გადაწყვეტილების გამჟღავნებას არ ჩქარობს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით  ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დირექტივას ელოდება. 

ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, მათ გადაწყვიტონ, ეს არ არის მათი გადაწყვეტილება და ისინი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, ვერც კალაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, ის იყოს თუ არა კანდიდატი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთავარი დირექტივა იქნება ივანიშვილის მხრიდან და დანარჩენს უკვე მოვლენები გვიჩვენებს, - ამბობს ,,ენმ"-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი. 

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგიო ჩიხლაძე, თვლის, რომ კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მისი განმარტებით, ის ღონისძიებები, რომელსაც დედაქალაქის მერი ბოლო დროს ხშირად მართავს, სწორედ წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს. 

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონმა კალაძემ უკვე დაიწყო  წინასაარჩევნო კამპანია, იმიტომ, რომ ეს სერია პრეზენტაციების, უფრო არა ანგარიშის ჩაბარებას ჰგავს, არამედ წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს. ერთადერთი, ვისაც რამე რეიტინგი შერჩენია, ეს არის ბატონი კალაძე, დაუმსახურებლად, ჩემის აზრით, მაგრამ ფაქტი ასეთია. სხვა ყველა კანდიდატი არის ნულოვანი რეიტინგის  „ქართული ოცნების“ საბოლოო ჯამში, მაინც ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს, ის არსად არ წასულა, - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

კიდევ ერთი ღონისძიება კახა კალაძემ გუშინ გამართა. მისი თანაგუნდელების განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნება“ ივნისის ბოლოს დაასახელებს.