დღეს მთელი ქვეყანა ჭირისუფალია, გინტური უნდა იყოს უკანასკნელი, რომელსაც ოკუპანტი ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე კლავს - ჯაფარიძე
დღეს მთელი ქვეყანა ჭირისუფალია, გინტური უნდა იყოს უკანასკნელი, რომელსაც ოკუპანტი ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე კლავს - მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე გორში იმყოფება და რუსი საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ აგვისტოს ომის მონაწილეს ემშვიდობება. სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ თამაზ გინტურმა არა მხოლოდ ლომისის კარი, არამედ ევროკავშირის კარი გაუღო საქართველოს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ღარიბაშვილის საფრანგეთში გამოსვლასაც ეხმაურება და კითხულობს, რა პასუხი უნდა გასცეს პრემიერმა თამაზ გინტურის ოჯახს, რომელიც ასე იწონებდა თავს თავისი მოპოვებული სიმშვიდით.
ძალიან მიმძიმს ამ ადგილიდან კომენტარის გაკეთება. მთავარი სათქმელი არის ერთი, რომ ასეთ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყანა. თამაზ გინტურმა არა მხოლოდ ლომისას კარი, არამედ ევროკავშირის კარი გაუღო ჩვენს ქვეყანას. დღეს ქართველებს აღარ გვეშინია ოკუპანტების, რომლებსაც არასოდეს დაუსრულებიათ ომი ჩვენთან. იმის მიუხედავად, რომ დღეს მე ამ ადგილიდან არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, რომ პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რა პასუხი უნდა გასცეს პრემიერმა თამაზ გინტურის ოჯახს, რომელიც ასე თავს აწონებდა თავისი მოპოვებული სიმშვიდით. ეს არის სიმშვიდე? სამშობლოზე შეყვარებულ ადამიანებს სალოცავებში რუსები კლავენ. დღეს მთელი ქვეყანა ვართ ჭირისუფალი. თამაზ გინტური უნდა იყოს უკანასკნელი, რომელსაც კლავენ ოკუპანტები ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე. მე ბოლომდე ვიდგები და ვიბრძოლებ, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი.
როგორ შეიძლება დღეს, ამ ადგილიდან ვისაუბროთ რუსს პრემიერზე, რომელიც თავს გვაწონებს სიმშვიდის მოპოვებით. ეს არის მისი სიმშვიდე. რანაირად შეიძლება დღეს ამ ხელისუფლებაზე ვისაუბროთ. აგერ ვხედავთ ლომისას და ჩვენ ტერიტორიას, სადაც რუსები ქართველებს გვიკლავენ, რუსები, რომლებსაც არასდროს შეუწყვეტიათ ჩვენთან ომი, რუსები, რომლებსაც არასდროს შეუწყვეტიათ პროვოკაციები და ცეცხლი ჩვენს ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ ჩვენი პრემიერი არის რუსი, რუსეთის დასმული და მე დღეს ფიზიკურად ვერ გავაკეთებ კომენტარს რუსების წარმომადგენლებზე", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.