ქართველების ჯოჯოხეთი ცხინვალის ციხეში - ტყვე ჯარისკაცის ექსკლუზიური ინტერვიუ
თვითმკვლელობის იძულება ცხინვალის ციხეში - ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ პატიმართან, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და ყველას მკვდარი ეგონა.
35 წლის მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც 2 წლის განმავლობაში, სარდაფში ჰყავდათ გამოკეტილი, იმ გამაოგნებელ რეალობას აღწერს, რომლის გამოვლაც მას მოუწია.
ქართველი სამხედრო სისასტიკით ცნობილ ცხინვალის იზოლატორში წელიწადი და რვა თვე ჰყავდათ დატყვევებული. ეს ის ციხეა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლა. ამბობს, რომ ქართველი გმირის მკვლელობის ამბავს ოკუპანტების ამ იზოლატორში სხვა ქართველ პატიმრებს ფსიქოლოგიური ტერორისთვის ახსენებენ.
"მიხსენეს ტატუნაშვილი, გახსოვს რაც დაემართაო"- ამბობს ჩხიკვაძე "შაბათის ეთერთან".
მისი თქმით, ბნელ სარდაფში მისი დაშინება მიდიოდა, რომ ეთქვა ყველაფერი მის სამხედრო მეთაურებზე და ქართლ ჯარზე. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის გმირი არ გატყდა, საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ქართველ სამხედროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ისე შეუფარდა, რომ სხდომაზე თავად არ მიუყვანიათ.
ამის შემდეგ ფსიქოლოგიური ტერორის ყველაზე ხანგრძლივი დროის ათვლა იწყება. წელიწადი და 8 თვე ცხინვალის ციხის საკანში სრულიად მარტომ, თვალთვალში გაატარა. რეჟიმი მის ყოველ ნაბიჯს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა. უნდოდათ, ერთი გადაცდომა მაინც ენახათ, რომ ქართველი სამხედროსთვის ისედაც მძიმე დღეები კიდევ უფრო დაემძიმებინათ.
უთვალთვალებდნენ მაშინაც, როცა ჩნდებოდა შანსი, რომ მას სხვა ქართველ პატიმრებთან ჰქონოდა კომუნიკაცია. ამიტომ წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში, პრაქტიკულად ვერც ერთხელ შეძლო, მასთან ერთად დაკავებულისთვის ეკითხა, ხომ არ იყო ის წამების მსხვერპლი.
როდესაც საოკუპაციო რეჟიმის მასზე ფსიქოლოგიური წნეხს არ წყვეტდა და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა მის გატეხას, ბოლოს უთხრა, რომ სიკვდილისთვის მზად იყო და აზრს მაინც ვერ შეაცვლევინებდნენ. ჰყვება, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მთავარი პრობლემა რუსეთია, რომელიც ადამიანებს ტვინებს ურეცხავს პროპაგანდით, რომ ქართველი მტერია, ასე ზრდიან თაობს და უნერგავენ ზიზღს რომ თანაცხოვრება შეუძლებელია.
ბევრ ამბავზე და უმძიმეს დღეებზე მამუკა ჩხიკვაძეს ახლა საუბარი აღარ უნდა. ყველაფერს მაშინ იტყვის, როდესაც სტრასბურგი მის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სარჩელი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში უკვე შესულია. საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ საქმეში დევს მტკიცებულებები, რომ მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის სისასტიკით ცნობილ ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. ამის შედეგად მისი მდგომარეობა კი ისე დამძიმდა, რომ კლინიკაში გადაიყვანეს. ეს ის დროა, როცა ქართველი ვეტერანი სამხედროს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. დედა ითხოვა, რომ უბრალოდ ეთქვათ, ცოცხალი თუ მკვდარი, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქის წამებისა და უკანონო ტყვეობის დასრულებისთვის არაფერი გაუკეთებია.
ინტერვიუ ოკუპანტების მიერ გატაცებულ პატიმართან - ეკო მაღრაძის სპეციალური რეპორტაჟი