გზების ნაწილზე მოძრაობისთვის ზამთრის საბურავები სავალდებულო გახდება - კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა შს სამინისტროს ინიციატივას, რომლის გათვალისწინებით, ზამთრის პერიოდში ე.წ. ზამთრის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილების ვალდებულება შემოდის.
კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.
გზების ნაწილზე ზამთრის საბურავების, საჭიროების შემთხვევაში კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე გადაადგილების გამო, შესაძლოა, 100 ლარით დაგაჯარიმონ და მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობა 5-ით შეგიმცირონ.
ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო იქნება პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში იმ ზონებში, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. საჭიროების შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით მთავრობა უფლებამოსილი იქნება აღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროები დაადგინოს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი, 161 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ზამთრის პერიოდში გადაადგილებისათვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები.