აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტის განცხადებები არ შეესაბამება იმ სულისკვეთებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია ჩინეთთან - ჩიქოვანი
"დღეს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან და აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ შეესაბამება იმ განწყობას და სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია ჩინეთის სახელმწიფოსთან," - ეს განცხადება "ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
ჩიქოვანი პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთის ელჩთან შეხვედრას და სალომე ზურაბიშვილის ფრანგულ მედიასთან მიცემული ინტერვიუს გამო "სინანული გამოხატა". ირაკლი ჩიქოვანის განცხადებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის განცხადებებმა მთავრობას პრობლემები შეუქმნა და საჭირო გახდა ჩინეთის დიპლომატიური უწყებისთვის განმარტებების გაკეთება.
ჩიქოვანი სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის რამდენიმე თვეა, არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რაც მთავრობის პოზიციებს არ შეესაბამება.
ყველა კარგად ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მერამდენე თვეა, აკეთებს არაადეკვატურ განცხადებებს, რომელიც სრულად აცდენაშია იმ სტრატეგიულ ინტერესებთან, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია. ანალოგიური იყო ის განცხადებაც, რომელიც მან გააკეთა ფრანგულ ტელევიზიასთან. ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ დღეს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან და აუცილებელი გახდა კონკრეტული განმარტებების გაკეთება, რომ ე.წ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არ შეესაბამება იმ განწყობას და სულისკვეთებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია ჩინეთის სახელმწიფოსთან. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საქართველოს პრეზიდენტი არ ახორციელებს საგარეო პოლიტიკას და ის არ წარმოადგენს იმ პოზიციებს, რომელიც ჩვენ გვაქვს,“ - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
სალომე ზურაბიშვილის LCI-სთან მიცემული ინტერვიუ პრემიერის შეშფოთებისა და უკმაყოფილების საგანი ხდება. "პრეზიდენტის მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია" - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე გააკეთა.