ენმ-ის გარდა უნდა არსებობდეს ოთხი-ხუთი პარტია, რომელსაც 5% ბარიერის გადალახვა შეუძლია - ჩერგოლეიშვილი
"ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი "დღის ამბებში" პარტიის მომავალ გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ევროპული საქართველო" საკუთარ ადგილს ალიანსში ხედავს, რომელიც მათ პრინციპებზე იქნება მორგებული.
თამარ ჩერგოლეიშვილი ბარიერის არ დაწევის შემთხვევაში იმ რისკებზე საუბრობს, რის წინაშეც ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან და მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი დარჩება მოგებული.
ჩვენ ჩვენს ადგილს ვხედავთ ალიანსში, რომელიც შექმნილი იქნება ჩვენს პირობებზე იმ პირობებზე, როლებსაც ვეთანხმებით და დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკურ სპექტრში იმის რესურსს, რომ ჩვენს წესრიგს, ჩვენს გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას დათანხმდნენ. მე ვისურვებდი, რომ ისინი ოლიგარქიული სისტემისგან განთავისუფლებულიყვნენ და ამისგან გათავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი საჯაროდ დაუპირისპირდებიან ამ სისტემას.
ბარიერი იმ მხრივ იქნება შვება, რომ ამ წნეხს, რომ 5 პროცენტს ვერ აგროვებ, ამას მომიხსნის, რადგან თუ 2% იქნება ბარიერი ადამიანებს შიში აღარ ექნებათ, რომ მათი ხმები გაიფლანგება. თუ ოთხი-ხუთი პარტია 5% ბარიერს ვერ ლახავს, გარდა ნაციონალური მოძრაობისა, მაინც ბიძინა იგებს. ნაცმოძრაობის გარდა უნდა არსებობდეს ოთხი-ხუთი პარტია, რომელსაც 5% ბარიერის გადალახვა შეუძლია. ან უნდა არსებობდეს სამი ორნიშნა პარტია და უფრო რეალისტური მგონია, რომ ხუთი ერთნიშნა პარტია არსებობდეს. მე ვერ ვხედავ ვერანაირი მიზეზს, ბიძინა ივანიშვილმა რატომ უნდა დათმოს ბარიერი, ჩვენ უნდა დავათმობინოთ? ოპოზიციას ამისი ძალა არ აქვს. ოპოზიციის მხრიდან 2% ბარიერზე ღნავილი არაფერ შუაში არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებთან. სულ ცალ ფეხზე კიდია საქართველოს მოსახლეობას ოპოზიცია იქნება თუ არა პარლამენტში. მე ბარიერზე დროის ფლანგვას მირჩევნია, 5%-ის დაგროვებაზე ვხარჯო დრო - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.