გახარიას გუნდში ექსპრემიერის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას არ გამორიცხავენ

15.06.21 13:20
 გახარიას გუნდში ექსპრემიერის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას არ გამორიცხავენ

ექსპრემიერის მიმართ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს გიორგი გახარიას გუნდში აბსურდულს უწოდებენ. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ამბობს, რომ მმართველი გუნდი მათი პარტიისთის ზიანის მიყენებას ცდილობს.

მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, როგორმე ზიანი მოგვაყენოს და მე არ ვთვლი საერთოდ საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით. შეთქმულების თეორიაზე საუბარი არასერიოზულია. ვუთანაგრძნობ „ქართულ ოცნებაში“ იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად არიან დარჩენილი ამ გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და მათ უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა. ჩვენ მომავალშიც ველოდებით მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვუპასუხებთ საქმით, - ამბობს ხოჯევანიშვილი.

გიორგი გახარიას თანაპარტიელი ექსპრემიერის მიმართ სამართლებრივ დევნასაც არ გამორიცხავს.  

გამორიცხული არაფერი არ არის, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი. 

20 ივნისის საქმეში გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა მხოლოდ გუშინ დაინახა. ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ გააკეთა, როდესაც თქვა, რომ აქციის დაშლის სპეცოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი.