"თუ დღეს არ იქნება კონკრეტული პასუხი..." - ზაზა გახელაძის ოჯახის ულტიმატუმი ხელისუფლებას

15.06.21 13:48
"თუ დღეს არ იქნება კონკრეტული პასუხი..." - ზაზა გახელაძის ოჯახის ულტიმატუმი ხელისუფლებას

ზაზა გახელაძის ოჯახის ულტიმატუმი ხელისუფლებას -  თუ დღეს არ იქნება კონკრეტული პასუხი, თუ როდის დატოვებს ციხეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველო მოქალაქე, ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ამ წუთებში გახელაძეები იმყოფებიან სოფელ ეგნეთში, იქ,  სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  ფარგლებში რიგით მე-100-ე შეხვედრა მიმდინარეობს.

გახელაძის ოჯახი აცხადებს, რომ თუ დღვანდელ შეხვედრაზე უკანონო პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ისინი აქციებს დაიწყებენ. 

ანთაძე დაგველაპარაკა, მუშაობენ, ძალიან მაღალ დონეზეა ეს საქმე გახმოვანებული. მაგრამ ამას დრო სჭირდება, სამწუხაროდ, არ ამბობენ, რამდენი დრო. მგონია, ხელი რომ გავიწვდინო, ჩემს შვილს მივაწდენ-მეთქი. მე მგონი, ისევ შორს არის ჩემი შვილი, როგორც 11 ივლისის მერე. თუ რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ გამოიტანენ, აქციებს მოვაწყობთ - აცხადებს ნანა ბუნტური, ზაზა გახელაძის დედა.

„მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, განაცხადა.

ამ საკითხზე დიალოგი გრძელდება და მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ დიალოგი მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ შეხვედრებზე, არამედ, შეხვედრებს შორის პერიოდშიც და ამაში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისი მომსწრენიც ჩვენ ყველანი ვიყავით თუნდაც გუშინ. დღევანდელ შეხვედრაზე გვექნება საშუალება გავცვალოთ პოზიციები და მეტი დეტალი გვეცოდინება შეხვედრის დასრულების შემდეგ. მოცემულობა გახლავთ ერთი, რომ ყველა უკანონო პატიმარი აუცილებლად დაუბრუნდება საკუთარ სახლებს. უბრალოდ, არის სიტუაცია, განსაკუთრებით, ეს ახასიათებს მოლაპარაკების პროცესს ისეთ რთულ საქმეებში, როგორიც არის, ვთქვათ, იგივე ოკუპირებული რეგიონები, რომ კონკრეტულ დროში მოცემულობა გვიჩვენებს ერთ ინდიკატორს, მაგრამ პროცესში, დინამიკიდან გამომდინარე, ამ ინდიკატორებმა შესაძლოა განიცადონ გარკვეული კორელაცია, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ცვლის ჩვენს პოზიციას, ჩვენ მომართული ვართ და ეს არის ჩვენი მიზანი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი ყველა თანამოქალაქე დაბრუნდნეს საკუთარ სახლებში და ეს აუცილებლად ასე იქნება - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

33 წლის ზაზა გახელაძე  ერთი წლის წინ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, ის ჯერ დაჭრეს და მერე გაიტაცეს.

ზაზა გახელაძე ამ დრომდე ცხინვალის იზოლიატორში იმყოფება.