23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - კირკიტაძე

14.11.23 12:08
23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან - კირკიტაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპირებს დიდ შეკრებას ვარდების რევოლუციის 20 წლის თავთან დაკავშირებით და სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. 

კირკიტაძის თქმით, შეკრებაზე ასევე იგეგმება მანიფესტზე ხელმოწერაც.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე ვლინდება ხელის შეშლა. ეს გამოიხატება პირველ რიგში იმაში, რომ ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, მაგალითად როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას და სამწუხაროდ ჩვენ გვითხრეს უარი. მაშინ, როდესაც “ალტ ინფოს”, აშკარად გამოხატულ რუსულ ძალებს არ აქვთ არავითარი შეფერხება საკუთარი შეკრებები ჩაატარონ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში და მაგალითად როგორიც იყო თელავის თეატრი, ჩვენ კი, პროდასავლურ ძალებს წინააღმდეგობას გვიწევენ, რომ მოვაწყოთ შეკრება და ღირსეულად აღვნიშნოთ ვარდების რევოლუციის 20 წლის თავი. ასევე, თქვენ ყველამ კარგად ნახეთ ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი, ჩვენი მოქალაქე როგორ იქნა შეფერხებული საქართველოს საზღვარზე, როდესაც ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ, თავისუფლად ატარებს საზღვარზე, ხოლო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელსაც აქვს საკმაო დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ის გახლდათ დევიდ კემერონის და ბორის ჯონსონის მრჩეველი, არ შემოუშვეს ქვეყანაში. სწორედ ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკა. ჩვენ ერთის მხრივ გვესმის მათი ტრაბახი, რომ ისინი ძალიან ძლიერები არიან და მეორეს მხრივ მათ ეშინიათ შენობები იჯარით დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და ასევე, კონსულტანტები, რომლებიც ჩვენ გვყავს, არ შემოუშვან ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და მე მინდა ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ როდესაც ისინი აკეთებენ შუალედურ ან საბოლოო დასკვნებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ეს არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს იწყება დიდი ხნით ადრე.” - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
 

მსგავსი სიახლეები