20 მლნ კალაძისთვის - თბილისის მერი საკუთარ პიარ-კამპანიას ბიუჯეტის ხარჯზე აწარმოებს

14.11.23 12:30
20 მლნ კალაძისთვის - თბილისის მერი საკუთარ პიარ-კამპანიას ბიუჯეტის ხარჯზე აწარმოებს

20 მილიონი ლარი  კახი კალაძისთვის - ღარიბი ქალაქის მდიდარი მერი საკუთარ პიარ-კამპანიას ბიუჯეტის ხარჯზე აწარმოებს.  „ფლანგვის დეტექტორმა დაადგინა, რომ თბილისის მერის პიარზე 18 ადამიანი ზრუნავს. ამ ჯგუფის ძირითადი საქმიანობა კი სოციალურ ქსელში მერის საიმიჯო ვიდეორგოლების განთავსება და დასპონსორებაა. ამ საქმისთვის კი ბიუჯეტიდან მათი ხელფასებისთვის მილიონები იხარჯება. 

2018-23 წლებში საჯარო ინფორმაციის გავრცელების მიზნით მერიის სამსახურმა 18 მლნ ლარზე მეტი დახარჯა. ამ სამსახურში დასაქმებულია საერთო ჯამში, 18 ადამიანი და მათ შრომით ანაზღაურებაზე 3 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, აქ არ გვაქვს საუბარი მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებაზე, რადგან თუ ახალ ამბებს და გავრცელებულ ინფორმაციებს თვალს გადავავლებთ, მარტივად დავრწმუნდებით, რომ ეს არის მერიის პიარ სამსახური. ვხვდებით მხოლოდ ინფორმაციებს, თუ როგორ კარგად მუშაობს მერია, რა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას აპირებს, თუმცა დაწყებული და განუხორციელებელი სამუშაოების შესახებ ვერცერთ ნიუსს ვერ შეხვდებით. თავად ამ სამსახურის უფროსის ანაზღაურება, თბილისის მერის ანაზღაურებაზე ორჯერ მეტია, შესაბამისად, ესეც მიუთითებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, პრიორიტეტულია მერისთვის პიარ-სამსახური, - ამბობს „ფლანგვის დეტექტორის“ წარმომადგენელი. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ უამრავიო პრობლემის ფონზე დედაქალაქის მერი საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.  

როდესაც დედაქალაქში არის უამრავი პრობლემა, მათ შორის, საცობებში იხრჩობა ქალაქი, ტრანსპორტშია გადატვირთული სიტუაცია და მეტროში, ავტობუსში, მილიონი ავარიული კორპუსია, ამ დროს კახი კალაძე თავს უფლებას აძლევს, რომ 5 მლნ ლარი დახარჯოს ყოველწლიურად თავის პიარის თანამშრომლებზე და ჯამში, ამ ადამიანს არც მეტი, არც ნაკლები, 59 თანამშრომელი ემსახურება, რაც ამ გაჭირვებული ქალაქის პირობებში არის კატასტროფა, ეს არის  საბიუჯეტო თანხების ფლანგვა და ეს ნიშნავს იმას, რომ კახი კალაძეს რეალურად, საკუთარი თავის პიარის გარდა არ აინტერესებს არაფერი, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 

 

მსგავსი სიახლეები