რომ არა პრემიერის და ჩვენი მობოდიშება, ზურაბიშვილის განცხადება უდიდესი პოლიტიკური დარტყმის ქვეშ გვაყენებდა - წილოსანი
"ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ - მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ, რომ, სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებით უდიდესი პოლიტიკური დარტყმის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყანა.
ნინო წილოსანის თქმით, რომ არა პრემიერ ღარიბაშვილის და მთელი მმართველი გუნდის მობოდიშება, ამ განცხადებას მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩინეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ უდიდესი პოლიტიკური დარტყმის ქვეშ აყენებდა ჩვენს ქვეყანას, რომ არა პრემიერის მხრიდან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან მობოდიშება ამ სამარცხვინო და საზიანო განცხადების გამო, ამიტომ, როდესაც ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე საუბრობთ, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი დეზინფორმაცია, რომ საკუთარი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რუსული უწოდო და საქართველოს წინააღმდეგ მუშაობა, რომ საქართველო 2014 წლიდან ევროკავშირის სისტემის შემადგენელი ნაწილია, ზუსტად რომ ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდაა". - ამბობს წილოსანი.
დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მისი განმარტებით, ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხი მხოლოდ ვლადიმირ პუტინს ეხებოდა.