2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - რა მოლოდინები აქვთ სახ.დეპში

14.11.23 15:59
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - რა მოლოდინები აქვთ სახ.დეპში

აშშ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მოუწოდებს კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის და ევროპაში თავიანთი მომავლის უზრუნველსაყოფად გამოიყენონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემა Europe Time-ს განუცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტიდან Europetime-სთვის მიწოდებული საპასუხო კომენტარით ირკვევა, რომ აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოში - ამყარებს  ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ამ ძალისხმევის მიმართულებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გავაგრძელებთ. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და კვლავაც გამოავლენს რუსეთის მცდელობებს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში.

საქართველოს დემოკრატიული სტანდარტების დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გასაღებია. შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ გააფართოონ თანამშრომლობა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ, რათა თანამოაზრე პარტნიორებს ერთობლივი კოორდინირებული აქტივობებით დაუჭირონ მხარი, აშშ-ევროკავშირის სამიტის 20 ოქტომბრის განცხადების შესაბამისად.

შეერთებული შტატები, როგორც პარტნიორი, ყოველთვის მხარს დაუჭერს მმართველობის, კანონის უზენაესობის, საარჩევნო და ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმებს, რომლებიც წინ წასწევს გრძელვადიან მიზანს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შესახებ.

ამ საერთო მიზნების მისაღწევად, რეგიონის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ვმუშაობთ,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მსგავსი სიახლეები