ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე - სააკაშვილი ლავროვის განცხადებაზე
ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა ჩვენ ხმამაღლა უნდა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე.
სააკაშვილის თქმით, ახლა გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდას, ასევე ანტი-საჰაერო და ანტი-სატანკო სისტემებს უნდა ვითხოვდეთ.
"ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას. უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში. უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში - რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში. აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს." წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად თქვა, რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან გასვლას არ აპირებს.