"ზაალ მიქელაძემ კლინიკას ყადაღა დაადო" - ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები აქციებს იწყებენ

14.11.23 20:29
"ზაალ მიქელაძემ კლინიკას ყადაღა დაადო" - ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები აქციებს იწყებენ

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები აქციებს იწყებენ. პროტესტის მიზეზი მათი თქმით, კლინიკის დაყადაღებაა, რის გამოც სამედიცინო ცენტრი სრულფასოვნად ვერ მუშაობს და თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდის. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, არსებობს საშიშროება, რომ შეწყდეს სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირება.

როგორც სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, ამ ყველაფრის უკან დეპუტატი ზაალ მიქელაძე დგას და ისინი გეგმავენ ხელმოწერების შეგროვებასაც, რომ მას დეპუტატის სტატუსი ჩამოერთვას. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სწორედ მიქელაძემ "პირადი ინტერესების გამო" კლინიკას ყადაღა დაადო.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ვიწყებთ აქციას, ხელწერების შეგროვებას საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ მიქელაძის წინააღმდეგ, რადგან დაუყოვნებლივ იყოს გაწვეული პარლამენტიდან და ჩამოერთვას დეპუტატის  სტატუსი თავისი უღირსი საქციელის გამო. 

   ზაალ მიქელაძემ პირადი ინტერესების გამო კლინიკას დაადო ყადაღა, რის შედეგადაც შეგვეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კლინიკა ვერ აგრძელებს სრულყოფილად მუშაობას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და მოსალოდნელია შეწყდეს სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირება.

     ჩვენ ვაკმაყოფილებთ სახელმწიფო სტანდარტებს, ჩვენ ვემსახურებით ქობულეთის მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა  მოთხოვნებით,  ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ ISO სტანდარტის  მინიჭებაზე, 2025 წლიდან კი კლინიკა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.  

      ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი.  კლინიკის 190 თანამშრომელი   და ქობულეთის მოსახლეობა ბოლომდე  ვიბრძოლებთ, რომ "ძველმა საავადმყოფომ" ისევ გააგრძელოს ფუნქციონირება," - წერენ აქციის ორგანიზატორები.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები