მთავრობა უკრაინასთან თანამშრომლობით უნდა ეცადოს ამ ბიჭების გადაცვლას რუს ტყვეებში - მამულაშვილი

14.11.23 21:06
მთავრობა უკრაინასთან თანამშრომლობით უნდა ეცადოს ამ ბიჭების გადაცვლას რუს ტყვეებში - მამულაშვილი

„იყო შემტევითი ოპერაცია, რა დროსაც ჩავარდნენ ტყვედ, სავარაუდოდ, არიან დონეცკში, სადაც ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკები აქვთ რუსებს,“ - ეს განცხადება უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

მამუკა მამულაშვილი ადასტურებს ინფორმაციას რუსეთის ტყვეობაში მყოფ ორ ქართველთან დაკავშირებით, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. მამულაშვილის ინფორმაციით, რუსების ტყვეობაში მხოლოდ ეს ორი ქართველი იმყოფება.

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ორი ქართველია ჩავარდნილი, ჩვენმა დაზვერვის სტრუქტურამ დაგვიდასტურა ტყვედ ჩავარდნა ამ ორი ადამიანის. ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და ცდილობენ, გამოიყენონ რუსული პროპაგანდისთვის, რისი ფაქტიც უკვე არსებობს და ვხედავთ, რომ რუსული პროპაგანდა ალაპარაკებთ იმას, რაც მათ სჭირდებათ,“ - ამბობს მამულაშვილი.

მამულაშვილი ამბობს, რომ სურვილის და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ უკრაინასთან თანამშრომლობით უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ტყვეთა გაცვლაზე - "უკრაინასთან თანამშრომლობით უნდა ეცადონ ამ ბიჭების გადაცვლას რუს ტყვეებში".

ქართული მთავრობის რიტორიკა და რუსული პროპაგანდის რიტორიკა ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. საქართველოს მთავრობამ თავის დროზე დააფიქსირა, კერძოდ პრემიერმა, თავისი აზრი, რომ უკრაინაში მებრძოლები არიან დაქირავებულები. ასე, რომ კარგს არაფერს ველი. საქართველოს მთავრობას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან და შეიძლება საჩვენებლად მაინც ეცადონ, ამ ბიჭების გადაცვლაში მიიღონ მონაწილეობა. მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რამეს მოიმოქმედებენ და აზრიც დაფიქსირებული აქვს პრემიერს და კარგს არაფერს ველი,“ - ამბობს მამულაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები