ევრორეკომენდაციები და მომავალი არჩევნები - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისშია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისშია. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანში ის პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სავარაუდოა, რომ საუბრის მთავარი თემა ევრორეკომენდაციები და საარჩევნო საკითხებია.
მედიის კითხვას, რამდენად მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას გამოგზავნის ეუთო ქვეყანაში გადამწყვეტ არჩევნებზე, დელეგაციის ხელმძღვანელი რამდენიმე წუთში უპასუხებს. უკვე დაანონსებულია, რომ შეხვედრის შემდეგ ის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ბრიფინგს გამართავს.
ოპოზიცია კი ყურადღებას ისევ საარჩევნო ბარიერზე ამახვილებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ნაცად ხრიკს გამოიყენებს, რათა იმ პარტიების ხმები, რომლებიც მანდატებად ვერ გადაისახება, თავის სასარგებლოს გამოიყენოს.
მათ იციან, ომ 2016 წელს, როცა 5%-იანი იყო ბარიერი, თითქმის 30% ვერ გადაისახა მანდატად ანუ დაახლოებით 300 ათასი ამომრჩევლის ნება განიავდა, გაქრა და უფრო მეტიც, ეს 300 ათასი ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცა ხმა, შემდეგ იმ ფორმულით, რაც მაშინ არსებობდა, იმის ხმები მიიღო ისევ „ქართულმა ოცნებამ“. ახლაც ამის იმედი აქვს, რომ რამდენიმე პროცენტი დაიკარგოს, დაახლოებით 20-მდე იქნება ალბათ, თუ არ გამახვილდებიან პარტიები და შემდეგ მის წინააღმდეგ მიცემული 20%-ის ხარჯზე დარჩეს ხელისუფლებაში, - ამბობს მანჯგალაძე.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური კი ფიქრობს, რომ "ოცნება" საარჩევნო ბარიერის დაწევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვა, თუ მას ექნება ინტერესი შემდეგი მოწვევის პარლამენტში საკუთარი სატელიტები შეიყვანოს.
„ოცნება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში წამოვა ამ „დათმობაზე“, თუკი მას ექნება ინტერესი, რომ საკუთარი სატელიტები შეიყვანოს შემდეგი მოწვევის პარლამენტში და ასე შეინარჩუნოს უმრავლესობა. „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა. ერთისთვის ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება, მეორესთვის არის ძალაუფლების დაბრუნება ანუ ხელში ჩაგდება, - ამბობს ანა ბუჩუკური.