სამართალს ვერ ვგრძნობ - ლაზარე გრიგორიადისის დედა

15.11.23 12:52
სამართალს ვერ ვგრძნობ - ლაზარე გრიგორიადისის დედა

პირველი შეხვედრა სასამართლო  დარბაზში - მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ ლაზარეს დედა საქართველოშია და  შვილის უსამართლო პროცესს  ესწრება.

აქტივისტის დედა დარწმუნებულია, რომ ლაზარე უდანაშაულოა და ის  სისტემის მსხვერპლია.

“რომ ვერ უახლოვდები და ვერ ეხუტები, ძნელია, მაგრამ მიხარია, რომ დავინახე. მოვესიყვარულეთ ასე შორიდან. 

მოსწონთ ეტყობა ეს პროცესი რომ იწელება. ვერ ვიგებ, ვერ ვხვდები რატომ აჭიანურებენ. მოწმე თუ ყავთ, წესით, უნდა მოიყვანონ და დაკითხონ. ეს იმას ნიშნავს, რომ აჭიანურებენ, მაგრამ რის გამო, ვერ ვხვდები...

ჯერჯერობით სამართალს ვერ ვგრძნობ ამ პროცესებთან დაკავშირებით. ვერ მივხვდი, რატომ ზის ჩემი შვილი 8 თვე ციხეში. 8 თვე არ არის პატარა დრო, ამიტომ ძლივს გავძელი. ველოდი, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ცვლილება იქებოდა და ბოლო პიკში გადავწყვიტე აქ ჩამოსვლა. ყველაზე მძიმე იყო ის ფაქტი, რომელსაც ვუყურებდი თუ რას ამბობდნენ ლაზარეზე, ჯერ ვერ დავიჯერე, რადგან ხუმრობა მეგონა და სიცილი ამიტყდა, მერე რომ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასეა, უბრალოდ შეუფერებელია, რომ თანამდებობის პირი, რომელსაც ჰყავს შვილები, ან თუნდაც არ ჰყავდეს, მსგავს რაღაცებს ლაპარაკობდა ჩემს შვილზე - აცხადებს  თამთა კალანდაძე. 

ოჯახი და სამოქალაქო საზოგადოება სალომე ზურაბიშვილის 20 წლის ბიჭის შეწყალების თხოვნით მიმართავს. 

პრეზიდენტს მივმართავთ, რომ შეიწყალოს. არაფერი ხელმოსაჭიდებელი არ აქვს პროკურატურას. ვნახოთ, დაველოდოთ, ვინ მოჰყავს. დღეს გავიგე, რომ ექსპერტი მოჰყვათ, ერთ-ერთი დამწვარი რომ არის, იმის ექსპერტი მოჰყავთ, სხვა მეტი არავინ, ანუ წელავენ საქმეს - ამბობს ბრალდებულის ბაბუა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები