"ოცნება" ირწმუნება, რომ ოკუპანტების ტყვეობიდან ქართველი მებრძოლების დასახსნელად ყველაფერს გააკეთებს

15.11.23 13:42
"ოცნება" ირწმუნება, რომ ოკუპანტების ტყვეობიდან ქართველი მებრძოლების დასახსნელად ყველაფერს გააკეთებს

 "ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ოკუპანტების ტყვეობიდან ქართველი მებრძოლების დასახსნელად ყველა საშუალებას გამოიყენებს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს, ამ მიმართულებით რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს ომის ეპიცენტრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არაერთხელ მოუწოდა. 

რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია და ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ სათანადო და ეფექტური დახმარება აღმოუჩინოს ჩვენს თანამოქალაქეებს. თუმცა, აქვე უნდა გავიხსენოთ ჩვენ მსოფლიო ლიდერების, პრეზიდენტ ბაიდენის, პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მოწოდებები, როდესაც ისინი თავის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია ომის მიმდინარეობის დროს. ჩვენი მოწოდებაც იყო იგივე, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ამ ომის პერიოდში იმ ტერიტორიებზე ყოფნისგან სადაც ისინი შეიძლება ტყვედ ჩავარდნენ. სამწუხაროდ, ეს მოხდა. ახლა რაც ჩვენ შეგვიძლია არის, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ მათ ეფექტური დახმარება აღმოვუჩინოთ, - ამბობს თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, რომ ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გაავრცელეს ასევე ვიდეომიმართვებიც, სადაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ დაწერილი ტექსტებით ალაპარაკებენ, რომელიც რუსული პროპაგანდისტული შინაარსისაა. 

ერთ-ერთს ძალადობის კვალი სახეზე ეტყობა, რაც ცხადყოფს, რომ ქართველებს ტექსტის წაკითხვა ზეწოლის ქვეშ მოუწიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ დონეცკის მახლობლად აიყვანეს. 

ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს მოქალაქეები მესამე დღეა იმყოფებიან. არცერთი განცხადება და არცერთი ნაბიჯი ტყვეების გასათავისუფლებლად ოპოზიციის განცხადებით, "ოცნებას" არ გადაუდგამს.

მსგავსი სიახლეები