თუ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება, მოსალოდნელია, რომ ეს ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი გახდეს - ურუშაძე
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის მტკიცებით, ფარცხალაძის საქმე ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი კლანისთვის იქნება მამხილებელი მტკიცებულება, რომ ოლიგარქი საქართველოში ატარებს პუტინის ტერორისტული რეჟიმის ინტერესებს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ ახლა ივანიშვილს ორი არჩევანი აქვს - ან დგას ცივილიზებული სამყაროს, ან პუტინის ტერორისტული რეჟიმის გვერდით .
მეტიც, ვასო ურუშაძე პირდაპირ აცხადებს, რომ თუ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება არ დაიწყება, მოსალოდნელია, რომ ეს ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების საფუძველი გახდეს.
„ოთარ ფარცხალაძის საქმე ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი ოლიგარქიული კლანისთვის იქნება მამხილებელი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს რუსეთის და პუტინის ტერორისტული რეჟიმის ინტერესებს. აშშ-ს მხრიდან მისი დასანქცირება კონკრეტული ბრალდებებით, რომ ის არის „ფეესბეს“ აგენტი და ის ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას, ხელს უწყოს საქართველოში რუსული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, სანქციებისგან თავის არიდების სქემების უზრუნველყოფას არის მტკიცებულება, რომ ამ მტკიცებულების საფუძველზე სახელმწიფო, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის დასავლური, ცივილიზებული სამყაროს გვერდით, უნდა დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ოთარ ფარცხალაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავად ქმნის საფუძველს, თავად ქმნის მტკიცებულებებს, რომ ის მფარველობს საქართველოში „ფეესბეს“ გავლენის აგენტებს, ის ხელს უწყობს საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას, რაც მომავალში გახდება მისი დასანქცირების საფუძველი.
ეს არის საკითხი, რომელი საკითხის გადაწყვეტით ან არ გადაწყვეტით წყდება ბიძინა ივანიშვილის ბედი. ის ან მოქმედებს იმ წესებით, რა წესებითაც დღეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკოსები მომართული, რომ დაამარცხონ პუტინის ტერორისტული რეჟიმი და მასზე დაწესებული სანქციები ამას ემსახურება, ბიძინა ივანიშვილს აქვს არჩევანი - ამ შემთხვევაში, ან დგას ცივილიზებული სამყაროს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის გვერდით, ან პუტინის ტერორისტული რეჟიმის გვერდით. აქედან გამომდინარე, შემდგომი ნაბიჯები მოსალოდნელია, რომ იყოს ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის, მისი ოჯახის წევრების და თავად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი, თუ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ქმედითი გამოძიება არ დაიწყება და არ მიეცემა პასუხისგებაში, რისი მოლოდინიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს.“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.