2025 წლიდან პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია 560-ის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება
2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე, 2025 წლიდან დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს პირველი მოსმენით განიხილავენ.
ქართული ოცნების კანონპროექტით, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 7 000-დან 8 500 ლარამდე იქნება.
რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი წევრების პენსიებს, ცვლილება აქაც არის. იცით, რომ ბიუჯეტს განვიხილავთ. დღეს არსებული სისტემა ასეთია - თუ არ ვცდები, ანაზღაურების 2/3 არის პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია. თუმცა, ჭერია დადგენილი 560 ლარის ოდენობით და ამის ზემოთ ვერ იქნება. ახლა კი ეს ზედა ზღვარი, ჭერი 1000-ლარამდე იცვლება. ანუ, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი იქნება - განაცხადა პაპუაშვილმა.