მოგვეცით მაგალითი, იარეთ ველოსიპედით - ზარქუა ოპოზიციას
მოგვეცით მაგალითი, იარეთ ველოსიპედით - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრების ანაზღაურების ზრდის თაობაზე რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.
ზარქუას თქმით, ადამიანებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში შავი Camry-ბით დადიოდნენ, ახლა გაუჩნდათ პრეტენზიები, ამიტომ, "ოცნების" წევრი ახლა მათგან ელოდება მაგალითს.
„ყველაფერს აქვს საზღვარი - შეუძლებელია, რადგან არჩევნებია მოახლოებული, რომ იაფფასიანი პოპულიზმით თავი მოაწონო [საზოგადოებას]. ოპოზიციიდან ვისმენდი, მანქანები რაში გჭირდებათო, დათვლა დაიწყეს, გავყიდოთ და ველოსიპედით იარეთო. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც წინა მოწვევაში სწორედ იმ მანქანით - შავი Camry-ით დადიოდა, რომელიც ახლა სხვას ემსახურება. მაშინ არ ჰქონდა ეს მიდგომა და პრეტენზია, არც ეს ველოსიპედები გახსენებია მაშინ, მაგრამ ახლა გაახსენდა იმიტომ, რომ ხვალ არჩევნებია. ეს იაფფასიანი პოპულიზმია. მოვუწოდებ ოპოზიციას - ძალიან ბევრს გემსახურებათ მანქანა, რაც რეგლამენტითაა დაწესებული - ჩამობრძანდით და ველოსიპედებით იარეთ. ვთხოვ პარლამენტის აპარატს, შევუძინოთ! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მაგალითი მოგვეცით, იარეთ ველოსიპედით, ვისაც მანქანები გემსახურებათ“, - განაცხადა ზარქუამ.