დაინიცირდეს საპარლამენტო სამუშაო ფორმატები ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად - „საქართველოსთვის“ პაპუაშვილს მიმართავს

15.11.23 15:41
დაინიცირდეს საპარლამენტო სამუშაო ფორმატები ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად - „საქართველოსთვის“ პაპუაშვილს მიმართავს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართავს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიზნით შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატები დაინიცირდეს.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მზად არიან, ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

„საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი.

შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მოგმართავთ, დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება. ასევე, გამოვხატავთ მზაობას, კვლავ მივიღოთ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში.

მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის ერთ-ერთი დათქმა სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებითი ბრძოლაა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე“,- აღნიშნულია წერილში.

მსგავსი სიახლეები