"სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის"- ხიდაშელის თქმით, საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის - როგორც ის BMG-ისთან განმარტავს, პროექტიდან კომპანია HG Capra Caucasica-ს გასვლა არა პირობების შეუსრულებლობამ, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებმა განაპირობა.
დავით ხიდაშელის განცხადებით, თუკი მისი ინვესტიციებისთვის საქართველო არ არის მზად, მას პროექტების სხვა ქვეყნებში განხორციელება შეუძლია.
“თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული,”- წერილობით პასუხობს დავით ხიდაშელი bm.ge-ის.
23 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ დავით ხიდაშელის კომპანიამ სამონადირეო მეურნეობის განვითარების სალიცენზიო ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფო განიხილავდა შესაძლებლობას, რომ კომპანიას აღარ გადასცეს შესაბამისი სალიცენზიო არეალი და რაჭაში თავად მოაწყოს ახალი ტიპის დაცული ტერიტორია.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, HG Capra Caucasica-ს საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები უნდა განეხორციელებინა, თუმცა აღნიშნული ვალდებულებები შესრულებული არაა.