ძველი პირადობის მოწმობები იძლევა გაყალბების საშუალებას - ოპოზიცია
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების გასაყალბებლად ემზადება - ამ დასკვნამდე პოლიტიკოსები მას შემდეგ მივიდნენ, რაც პარლამენტმა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
რა საჭიროა 2023 წელს არჩევნებში მონაწილეობისთვის ძველი პირადობის მოწმობების გამოყენება? - ეს არის კითხვა რომელსაც ოპოზიცია სვამს, თუმცა პასუხებს ვერ იღებენ
ეს არის ძალიან საშიში რამ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ფრიდონ ინჯიას ხელით შემოგვაპარა და ეს კანონი ასე არ უნდა გავიდეს, რადგან ძველი პირადობის მოწმობები იძლევა გაყალბების საშუალებას. არ აქვს ისეთი დამცავი მექანიზმები, არის ნოე ჟორდანიას დროინდელი ფარატინა ქაღალდები და რამდენსაც გინდა იმდენს დაბეჭდავ. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო მთელი ამ ხნის განმავლობაში ახალისებდეს, ზრუნავდეს, ფიქრობდეს, რომ ხალხი როგორ გადავიდეს თანამედროვე, ნორმალურ პირადობის მოწმობებზე, ისევ გვინდა წარსულში დაბრუნება - აცხადებს "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ მიღწევაზე ამბობს უარს, აბრუნებს ქაღალდის პირადობების შესაძლებლობას, რომელიც ბევრი მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა:
ელექტრონულ პირადობაზე გადასვლის რეფორმა თავად "ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა და ეს იყო ძალიან კარგი მიღწევა. საკუთარ მიღწევაზე ამბობს, ფაქტობრივად, უარს და აბრუნებს ქაღალდის პირადობების შესაძლებლობას, რომელიც ბევრი მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა. კითხვა ხომ ჩნდება რატომ? იმიტომ, რომ ის გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რადგან მოახდინოს არჩევნების მანიპულირება - ანა ბუჩუკური.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, "ხალხის ძალის" ლიდერი აცხადებს, რომ "ოპოზიციას განაჩენი საზოგადოებამ" უკვე გამოუტანა.
ოპოზიციას ვერაფერი ვერ უშველის, ვერც ძველი პირადობის მოწმობის მქონე ადამიანების მონაწილეობა და ვერც მათი არ მონაწილეობა არჩევნებში. მათი განაჩენი საქართველოს საზოგადოებას გამოტანილი აქვს. იხვეწებიან 5% ბარიერი დაწიეთ, თორემ ოპოზიციაშიც ვეღარ მოვალთ, ხელისუფლებაში ხომ ვერ მოვდივარ. ცესკოსთან და ყველა უწყებასთან შესაბამისი კონსულტაციები გვექნება და ამის მიხედვით იხილავთ საჯარო გადაწყვეტილებას - მაჭარაშვილი.