შეხვედრები მქონდა მაშინდელ მინისტრებთან, გიული ალასანიაც ხშირი სტუმარი იყო ჩემი - ღარიბაშვილი

12.03.21 12:56
შეხვედრები მქონდა მაშინდელ მინისტრებთან, გიული ალასანიაც ხშირი სტუმარი იყო ჩემი - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვ პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერების კონკრეტული მონაკვეთების განმარტებას აკეთებს.  ჩანაწერში ბერა ახსენებს, რომ ღარიბაშვილს მინისტრები ხშირად ურეკავენ. მოქმედი პრემიერი განმარტავს, რომ წინა ხელისუფლების დროს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, ასევე მაშინდელი  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ცოლთან და დედასთან. 

"მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით საქველმოქმედო პროექტებს, მოგეხენებათ, 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ჩვენი ქვეყნისთვის და მაშინ მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრთა კაბინეტთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია. მქონდა შეხვედრები აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან,  ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, ჯანდაცვის მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან, პრეზიდენტის დედა, ქალბატონი გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი როცა მე ვიყავი ფონდის პრეზიდენტი, ,,ქართუ ფონდში" გვსტუმრობდა ხშირად. აქედან გამომდინარე, პასუხი ძალიან მარტივია, რომ პირდაპირი კავშირი მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და რა თქმა უნდა, აქ არანაირი ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული. ასევე, იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები გაკეთებულია 2017 წელს, ესეც არგუმენტებს მოკლებულია, რადგან მაშინ მე ვიყავი ბიზნესში და არ ვყოფილვარ პოლიტიკაში შემდეგი 4 წელი", - თქვა ღარიბაშვილმა.

სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ჩანაწერი 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გავიდა, თუმცა ამ დრომდე ღარიბაშვილი დუმილს ინარჩუნებდა.