მთავრობაში ამბობენ, რომ "აბორტის საგანგაშო" სტატისტიკა განიხილეს - რას ამბობენ ციფრები
პრემიერ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
ოფიციალური განცხადებით, საბჭოს წევრებმა ამასთანავე განიხილეს აბორტის სტატისტიკას და ხაზი გაუსვეს დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას.
საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას.
სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს." - აღნიშნულია განცხადებაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ამბობენ, რომ ჩატარებული აბორტების ზრდის ტენდენცია არ დასტურდება. 2021 წელს ქვეყანაში რეგისტრირებულია 17 774 აბორტი, ხელოვნური აბორტების წილი 62.7%-ს უდრიდა. წინა წელთან შედარებით, აბორტების საერთო რიცხვი 7%-ით შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 16 600 აბორტი გაკეთდა, ეს მაჩვენებელი 2013 წელს 37 000 იყო.