"ურჩხულები არ არის ჩიპში, ბოლოსდაბოლოს შეულოცონ პირადობას, აკურთხონ..." - გოცირიძე ინჯიას ინიციატივაზე
"ჩვენი 300 ათასი მოქალაქე არ არის ბნელი, ბოლოსდაბოლოს შეულოცონ, აკურთხონ პირადობები და მორჩება" - ასე ეხმაურება "ევროოპტრიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე ფრიდონ ინჯიას ინიციატივას და ამბობს, რომ ქაღალდით ელექტრონული არჩევნების ჩატარება არავის გაუგია.
წულუკიანმა სამი ექვსიანი რომ გააუქმა პირადობის მოწმობაში, არასდროს არ დაემთხვევა ერთმანეთსო, სიამაყით რომ განაცხადა, სიბნელის მხარდამჭერი განცხადება იყო ეს. სიბნელეს უნდა ებრძოლო და არა დოკუმენტებს. ვის გაუგია ქაღალდით ელექტრონული არჩევნების ჩატარება, რომელსაც არ ექნება ელექტრონული წამკითხავი. ვითომ აპელირებენ, ბნელ მოქალაქეებზე. არ არის ჩვენი 300 ათასი მოქალაქე ბნელი და ურჩხულები არ არის ჩიპში. ბოლოსდაბოლოს შეულოცონ, აკურთხონ და მორჩება". - ამბობს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ითხოვს, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ.
პარლამენტმა ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი მოსმენით უკვე მიიღო. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.
ცნობილია, რომ პარლამენტში მომდევნო კვირას ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ახლა საინტერესოა, რა გეგმა ექნება ოპოზიციას და ეცდებიან თუ არა ირაკლი კობახიძის დარწმუნებას, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეებს შეიცავს.
პოლიტიკოსების გარდა საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ლევან იოსელიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, ძველი დოკუმენტები ახლით შეცვალონ.