ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მიეცეთ იმ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომელსაც ჩიპიანი პირადობა არ სურთ - კობახიძე

16.11.23 14:51
ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მიეცეთ იმ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომელსაც ჩიპიანი პირადობა არ სურთ - კობახიძე

ფრიდონ ინჯიას სკანდალური ინიციატივა - მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ, "ოცნებაში" იმსჯელებენ და შეიძლება გამოინახოს ზომიერი ვარიანტი, რაც იმ ადამიანს, რომელსაც არ სურთ ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღება, მისცემს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას.

ყველა დეტალთან დაკავშირებით შეგვიძლია მსჯელობა, მათ შორის შეიძლება გამოინახოს, რაღაც ზომიერი ვარიანტი, რომელიც ერთი მხრივ დააზღვევს ყველა თეორიულ რისკს და მეორე მხრივ, იმ ადამიანს, რომელსაც არ სურს, ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღება, მისცემს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. არიან ადამიანების ისეთი კატეგორია, რომლებიც არ ცვლიან უვადო ლამინირებულ პირადობებს, იმიტომ რომ არ სჭირდებათ და მეორე, არის ბევრად უფრო მცირე კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც რელიგიური მოსაზრების გამო არ იღებენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს". - ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი ითხოვს, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა ე.წ. ლამინირებული პირადობითაც შეძლონ.

პარლამენტმა ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი მოსმენით უკვე მიიღო. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია ამ ცვლილებაში გაყალბების საფრთხეს ხედავენ.

ცნობილია, რომ პარლამენტში მომდევნო კვირას ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ახლა საინტერესოა, რა გეგმა ექნება ოპოზიციას და ეცდებიან თუ არა ირაკლი კობახიძის დარწმუნებას, რომ ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა საფრთხეებს შეიცავს.

პოლიტიკოსების გარდა საკითხს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ლევან იოსელიანი მოქალაქეებს მოუწოდებს,  ძველი დოკუმენტები ახლით შეცვალონ.

მსგავსი სიახლეები