როდესაც ქვეყანაში ფული ერევა პროცესებში, ეს არის დასამარცხებელი - ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი დეოლიგარქიზაციაზე

16.11.23 20:07
როდესაც ქვეყანაში ფული ერევა პროცესებში, ეს არის დასამარცხებელი - ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი დეოლიგარქიზაციაზე

"როდესაც ქვეყანაში ფული ერევა რაღაც პროცესებში და დემოკრატიის პროცესის მაგივრად ფული სხვანაირად წყვეტს - ეს არის დასამარცხებელი," - ეს განცხადება ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა.

შემაჯამებელ ბრიფინგზე სიმონა გრანატა-მენგინმა აღნიშნა, რომ კანონები კონკრეტული პირების წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიღებული, ეს ვენეციის კომისიისთვის მიუღებელია. თუმცა დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ფული დემოკრატიულ პროცესებში არ უნდა ერეოდეს.

რაც შეეხება მთავრობის სტრატეგიას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი ამბობს, ამას კომისია ვერ შეაფასებს, რადგან მათი კომპეტენცია კანონპროექტებზე რეკომენდაციების გაცემაა.

როცა ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას, ჩვენთვის მთავარია, ფული არ ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ ცვლიდეს იმ მოცემულობას, რაც დემოკრატიის შემთხვევაში სხვაგვარად იქნებოდა. ჩვენი აზრით, ადამიანების წინააღმდეგ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, პლურალიზმს... ვენეციის კომისიას შეუძლია შეაფასოს მხოლოდ კანონმდებლობა, თუმცა ვენეციის კომისია ვერ განსაზღვრავს, როგორ აპირებს მთავრობა მის აღსრულებას,“ - განაცხადა ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა.

მსგავსი სიახლეები