"გაქვთ ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის", "ამბიცია ჩვენ თუ არ უნდა გვქონდეს, აბა, ვის უნდა ჰქონდეს?" - დაპირისპირება "რეაქციაში"

16.11.23 22:01
"გაქვთ ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის", "ამბიცია ჩვენ თუ არ უნდა გვქონდეს, აბა, ვის უნდა ჰქონდეს?" - დაპირისპირება "რეაქციაში"

"თქვენ გაქვთ ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლის და კვლევები სხვა რამეს ამბობს," "ამბიცია ჩვენ თუ არ უნდა გვქონდეს ჩვენ სხვა კოლეგებთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლის, აბა, ვის უნდა ჰქონდეს?" - როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ვითარება, ამ საკითხზე მსჯელობას "რეაქციის" სტუდიაში კამათი მოჰყვა ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრსა და პარტია „ხალხისთვის“ წევრს შორის.

გიორგი კუპატაძე იმ როლზე საუბრობდა, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს ამომრჩეველთა მობილიზების კუთხით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ გამარჯვების შესაძლებლობა გააჩინა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ უფრო მეტი შანსი გააჩინა გამარჯვების. ენმ არის ძლა, რომელსაც სურს ხელისუფლების დამარცხება, ჩვენ არ ვიბრძვით არც მეორე ადგილისთვის, არც საპატიო მესამე ადგილისთვის, ჩვენ ვიბრძვით რეჟიმის ცვლილებისთვის. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ თუკი რაიმე ზრდის შანს რუსული რეჟიმის დამარცხების არის მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის უწყვეტი შრომა,“ - ამბობს კუპატაძე.

კუპატაძის არგუმენტები მიუღებელია პარტიის „ხალხისთვის“ წევრისთვის ნინო წულაძისთვის. როგორც საკრებულოს დეპუტატი ამბობს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს სააკაშვილის ფაქტორი.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ გაანადგურა ოპოზიციის პოტენციალი და ქართული ოცნების წისქვილზე დაასხა წყალი და მისცა შესაძლებლობა, ამომრჩეველი დაეშინებინათ, აი, ჩამოვიდა სააკაშვილი და მოვა სააკაშვილი და რეალურად ახლადშექმნილ პარტიებს და მათ შორის ბევრ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ჰქონდა უფრო მეტი მანდატის მოპოვების შესაძლებლობა, დააკარგვინა შანსი,“ - ამბობს ნინო წულაძე.
 

მსგავსი სიახლეები