"დებიძინიზაცია განბიძინიზაციამდე უნდა მივიყვანოთ" - ვაშაძე
"დებიძინიზაცია განბიძინიზაციამდე უნდა მივიყვანოთ" - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრეზიდენტის Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების პოზიციიდან გამომდინარე გააკეთა.
ვაშაძე ამბობს, რომ საქართველოში ისე უნდა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის იმიჯის გაცამტვერება, როგორც ეს მსოფლიოშია უკვე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა, არის ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების პოზიცია ივანიშვილთან მიმართებაში. მეორე, ბიძინა ივანიშვილს გაცამტვერებული ჰქონდა იმიჯი მთელს მსოფლიოში და ახლა მისი იმიჯი საქართველოში უნდა გავაცამტვეროთ. ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ის კაი კაცია, ყველამ უნდა თქვას, რომ რეალურად ქველმოქმედი კი არაა, წაართვა ფული, გაძარცვა ქვეყანა და რუსულ დავალებებს ასრულებს ქვეყანაში, ამიტომ დებიძინიზაცია განბიძინიზაციამდე უნდა მივიყვანოთ". - ამბობს ვაშაძე.
"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა Le Monde-სთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს პირველად მოიხსენიებს ოლიგარქად. ჟურნალისტის კითხვაზე - "როგორ გესმით ევროპული კომისიის რეკომენდაცია ,,დეოლიგარქიზაციაზე“? ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად მიიჩნევთ?", პრეზიდენტი პასუხობს, რომ ივანიშვილს ხელისუფლებაზე "დომინანტური გავლენა" აქვს.