ენმ-ს წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე ბერლინში კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ

17.11.23 14:39
ენმ-ს წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილი და ირაკლი ქავთარაძე ბერლინში კნუტ აბრაჰამს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქავთარაძემ ბერლინში შეხვედრები გამართეს გერმანიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, კნუტ აბრაჰამთან, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ნიკო ტიპელტთან და წევრთან, მანფრედ გრუდთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, მათიას ლუტენბერგთან. 

საუბარი შეეხო, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და მომავალში, წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. გერმანულმა მხარემ ხაზი გაუსვა დეპოლარიზაციის, 2024 წლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისა და ევროკომისიის 9 პუნქტში ჩამოთვლილი რეფორმების გატარების აუცილებლობას.

ქართული მხარის წარმომადგენელთა განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, ევროპული დღის წესრიგი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის არსებითი ნაწილი იყოს. ჭიაბერაშვილის თქმით, პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობის დასრულება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ 2024 წლის არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ არ დადგეს.
 

მსგავსი სიახლეები