პრეზიდენტი ალბათ დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი და განცხადებები გაამკაცრა - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ალბათ დარწმუნდა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი და სწორედ ამიტომ გაამკაცრა განცხადებები.
ის, რომ პრეზიდენტი რაღაცა ოლიგარქის თამაშს თამაშობს, ამის ხიდაშელს არ სჯერა და ამბობს, რომ ალბათ, ევროკავშირთან საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გათვალისწინებით, ზურაბიშვილმა საბოლოოდ გადაიწურა იმედი და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად აპირებს.
სალომე ზურაბიშვილმა თავისი განცხადებები გაამკაცრა, ტონალობა რომ მნიშვნელოვნად შეცვლილია, ეს ფაქტია. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ის გაურბოდა ბიძინა ივანიშვილზე საუბარს. ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს ორ რამეს - ერთი, რომ დარწმუნდა, რომ მთელი ეს კამპანია, რომელიც წინააღმდეგ მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაგეგმილი, ნაკარნახევი და მისი დავალებით ხორციელდება.
ის, რომ ის რაღაცა ბიძინას თამაშს თამაშობს და ცუდი პოლიციელი კარგი პოლიციელია, რაც მე კატეგორიულად არ მჯერა და კატეგორიულად არ ვეთანხმები ამას, მაგრამ, მან, როგორც ჩანს ჩათვალა, რომ ამაზეც პასუხი იყო გასაცემი. ასევე პირველად მოიხსენია საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსული ინტერესის გამტარებლად და რუსულ ხელისუფლებად, ასე პირდაპირ და ყოველგვარი ქვეკონტექსტების გარეშე. როგორც ჩანს, მან ამ იმპიჩმენტის პროცედურის დროს და ასევე ევროკავშირთან საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გათვალისწინებით, საბოლოოდ გადაიწურა იმედი და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას უკვე დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად აპირებს". - ამბობს თინა ხიდაშელი.
ზურაბიშვილმა Le Monde-თვის მიცემული ხმაურიანი ინტერვიუს დროს ივანიშვილს მსოფლიოს გასაგონად უკვე უწოდა რუსეთში გამდიდრებული ქართველი ოლიგარქი, რომელიც პუტინის ომის მხარდამჭერია.