იმყოფებოდა თუ არა ხინჩეგაშვილი მოსკოვში 500 კაციან დაბადების დღეზე - გორის მერი ამ დრომდე იმალება
გორის მერი ამ დრომდე იმალება. ლადო ხინჩეგაშვილს არ სურს პასუხი გასცეს კითხვას, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მოსკოვში 500 კაციან დაბადების დღეზე.
"პირველების" ინფორმაციით, ხინჩეგაშვილთან ერთად წვეულებაზე სანქცირებული ბიზნესმენებიც იყვნენ. ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია გადასული გორის მერია. უწყება განმარტებებს არ აკეთებს. ოპოზიცია კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ლექსო მერებაშვილის თქმით, თუ დადასტურდება, რომ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, ქალაქის მერი ოკუპანტ ქვეყანაში ჩუმად ჩავიდა, ეს გაუმართლებელი საქციელი იქნება.
მაშინ, როდესაც ქვეყნის ვიცე-პრემიერი დიდი ინტერესით უსმენს პუტინის გამოსვლას, ჩვენ აღარ უნდა გვიკვირდეს ამა თუ იმ მერის მოსკოვში ვიზიტი. თუმცა, როდესაც ხარ იმ მუნიციპალიტეტის პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ოკუპირებულია და ერთი კვირის წინ იმყოფებოდი იმ ადამიანის სამძიმარზე, რომელიც რუსმა საოკუპაციო ძალებმა მოკლეს, რა თქმა უნდა გაუმართლებელი და მიუღებელია ასეთი ვიზიტი ოკუპანტ ქვეყანაში. როგორც ჩანს, თავად მერიც ხვდება, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მიუღებელ ქცევას, ამიტომაც ის მაქსიმალურად ცდილობს არ ითანამშრომლოს მედიასთან, გაასაიდუმლოოს ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია. ყოველი შემთხვევისთვის, კარგი იქნება თუ ის განმარტებებს გააკეთებს ამის თაობაზე საზოგადოების წინაშე". - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი ლექსო მერებაშვილი.