"ყველას დასჯას ვითხოვ, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა" - 18 წლის ბიჭი ამამლოში ცოტა ხნის წინ დაკრძალეს
დმანისში მოკლული 18 წლის ბიჭი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს სოფელ ამამლოში. ის უკანასკნელ გზაზე ოჯახმა და მთელმა სოფელმა გააცილა.
ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ჰუსეინოვები ამტკიცებენ, რომ მათი შვილი სასიკვდილოდ რამდენიმე მოზარდმა გაიმეტა. ოჯახი ამბობს, რომ სოფლის მეჩეთთან, მსხვერპლს ხელებით ორი ადამიანი იჭერდა, რა დროსაც სკოლის მოსწავლემ ე.წ შტირით ელვინ ჰუსეინოვი მოკლა.
ყველას დასჯას ვითხოვ, ვინ ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, მთელი ცხოვრება ციხეში უნდა გაატარონ მათ. სამმა ბიჭმა გაიტყუა სახლიდან ჩემი ერთადერთი ვაჟი, მოაკვლევინეს. დაკავებულის დედამ იცოდა, რომ ჩემი ბიჭის მოკვლას აპირებდა მისი შვილი, აქ მოვიდა და ხუმრობდა. მოკლავს, მოწია რაღაც და შეშლილივით დადისო. აქამდე რატომ არ აკავებენ სხვებს, ეს ჯგუფური დანაშაულია". - ამბობს დედა.
მოკლული ბიჭის ოჯახის წევრები შურისძიებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მომხდარს ერთზე მეტი დამნაშავე და ფიგურანტი ჰყავს.
ჰუსეინოვები სისხლის აღებით იმუქრებიან.
მთელი ოჯახით უნდა დაისაჯონ. რატომ არ იძიებს პოლიცია აქამდე ამ ამბავს, ჩვენ გამოვიძიოთ? ცუდად დაასრულებენ. არ დავტოვებთ ამ ამბავს ასე. სოფელში ცხოვრების საშუალებას არ მივცემთ. გაქცეულს მალავდნენ. ვინ მალავდა გამოიკითხოს პოლიციამ. დანაშაულს 15 წლის ბავშვი როგორ ჩაიდენდა მხოლოდ, სტადიონზე ათამდე ახალგაზრდა იყო". - ამბობს ოჯახის წევრი.
დაპატიმრებული სკოლის მოსწავლე კი ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს მოსამართლე. სკოლაში დაწყებული ბულინგის გამო ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით ამ დრომდე მხოლოდ 15 წლის სკოლის მოსწავლეა დაკავებული. სწორედ ის ელოდება ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას.
18 წლის ბიჭი დმანისში 15 ნოემბერს მოკლეს.