ბოლნისის მერი სავარაუდო კორუფციულ სკანდალში ეხვევა - რას ამბობს დავით შერაზადაშვილი "პირველებთან"
ბოლნისის მერი სავარაუდო კორუფციულ სკანდალში ეხვევა - "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, დავით შერაზადაშვილის სიძე მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
ბოლნისის მერი "პირველებთან" სატელეფონო საუბრის დროს ამტკიცებს, რომ კომპანიას მისი სიძის გარდა 3-4 დამფუძნებელი ჰყავს და შესაბამისად, კორუფციის არანაირი ნიშნები არ იკვეთება.
კონკურენტუნარიანი კომპანიაა. გარემო არის შესაბამისი. თუ ვინმეს სურვილი აქვს, რომ ტენდერში მიიღოს მონაწილეობა, შეზღუდვა არავის არ აქვს. არ იკვეთება კორუფციის ნიშნები. ეგ კომპანია ჩემი სიძის არ არის, დამფუძნებელი ჰყავს 3-4. ეგ კომპანია ოპერირებს 2008 წლიდან. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ჩემი სიძეა და ნათესავია, საქმიანობა არ გააგრძელოს. თქვენ თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები გაქვთ, რომ სადმე დანაშაული იკვეთება, მომწერეთ და გაგცემთ პასუხს", - განაცხადა დავით შერაზადაშვილმა.
მკვლევრებს სავარაუდო კორუფციაზე უჩნდებათ ეჭვები, რადგან, მათი თქმით, კომპანიის ტენდერებში უკონკურენტო გამარჯვება დროში საეჭვოდ ემთხვევა შერაზადიშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.
ბოლნისის მერის, დავით შერაზადაშვილის სიძის კომპანიამ, შპს "დევეპლიუსმა" წელს უკონკურენტოდ მოიგო ორი ტენდერი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ჯამურად მიიღებს 634-ათას ლარს. ეს არის მცირე ნაწილი იმ თანხიდან, რაც ჯამურად აქვს მიღებული მას ტენდერებიდან. 5 მილიონ ლარზე არის დაახლოებით ლაპარაკი, რაც შპს "დევეპლიუს" მიუღია ტენდერებიდან. აქ აღსანიშნავი ის კი არ არის მხოლოდ, რომ ეს კომპანია ბოლნისის მერის სიძის არის, აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ ტენდერებში გამარჯვება დაიწყო მაშინ, როდესაც დავით შერაზადაშვილი ბოლნისში პირველ თანამდებობაზე დაინიშნა. ეს მოხდა 2014 წელს და ამის მერე შპს "დევეპლიუსი" აქტიურად იწყებს ტენდერების მოგებას და 35 ტენდერიდან 29 ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის, 25 ბოლნისში" - აღნიშნა მკვლევარმა.