ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება
ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება რაჭის ტყეების თემას და განცხადებას ავრცელებს.
უწყების თქმით, გაიცა ლიცენზია, რომელიც სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის მოიცავდა.
სამინისტრო აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაჭაში აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, შესაბამისად უწყება ამბობს, რომ საპროტესტო აქციების გასამართად არანაირი საფუძველი არ არსებობს.
ტყუილია, თითქოს რაჭაში გაიყიდა ტყე. რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს - შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას".- ნატქვამია განცხადებაში.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან 13 პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი თქმით, ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე შესვლას და იქ კარვების გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.
ამის შემდეგ რაჭიდან პროტესტისთვის ჩამოსულმა ადამიანებმა გარეთ, სამინისტროსთან სცადეს კარვების გაშლა და სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება.
აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილიც გადაკეტეს და ამბობენ, რომ არ წავლენ მანამ, სანამ კონკრეტული პირები არ გავლენ და პასუხებს არ გასცემენ, თუ რატომ გადაეცა ერთ კონკრეტულ პირს რაჭის ტყეები.