საქართველო მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს - სამხარაძე
საქართველო მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ეს განცხადება ნიკოლოზ სამხაძემ ერევანში გააკეთა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 21-ე საშემოდგომო შეხვედრა მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" მხარეებს მოლაპარაკებების ადგილად სწორედ თბილისს სთავაზობს.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის მიერ საოკუპაციო ხაზის და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების მონახულება. იმ პირების, რომლებიც რუსული ოკუპაციის გამო უკვე 15 წელზე მეტია (ზოგიერთი - 30 წელია) ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგს ხელი შეუწყოს. ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ თბილისი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი და ვიმედოვნებთ, რომ იმ ვალდებულებით, რომელიც ორივე მხარემ საჯაროდ გამოთქვა და აიღო, ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში აღვნიშნოთ გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენს ორ მოძმე მეზობელ ქვეყანას შორის. ჩვენი მხრიდან, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
სამხარაძის გარდა სიტყვის უფლებით ისარგებლა მაკა ბოჭორიშვილმაც. დეპუტატი დამსწრეებს რუსულ აგრესიაზე, ოკუპაციასა და ომის შედეგებზე ელაპარაკა. პარლამენტის წევრმა გაუმართლებელი და არასამართლიანი უწოდა საქართველოს ტერიტორიებზე რუსი სამხედროების ყოფნას.
ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული. ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადაადგილებული საკუთრი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია. ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.