სამთავრობო ბორტის სკანდალი - ოპოზიცია სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს
პრემიერის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში ოპოზიცია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს. "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენება კანონით ისჯება.
ფაქტია და დადასტურებულია, რომ პრემიერ ღარიბაშვილს ანუ სამთავრობო ბორტი N1 დაფრინდა ისეთ ქალაქებში, სადაც ვიზიტი არ ჰქონდა ღარიბაშვილს. ამას ფაქტობრივად ვერ უარყოფს ვერავინ, იმიტომ, რომ არსებობს რადარის ჩანაწერები, რომელიც არის უტყუარი. შესაბამისად, ქართული კანონმდებლობით თანამდებობის პირი, რომელიც სახელმწიფო რესურსებს, მათ შორის, ადამიანურს, ფინანსურს და მატერიალურს გამოიყენებს მისი პირადი მიზნებისთვის და პირადი გამორჩენის მიზნით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს დანაშაული ისჯება, - ამბობს დონაძე.
შაბათის ეთერის გუნდის მეირ მოპოვებული ფაქტებით დადგენილია, რომ პრემიერი, რომელიც, წესით, ესპანეთში პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უნდა წასულიყო, თავდაპირველად სამთავრობო ბორტით იტალიის ყველაზე პოპულარულ ქალაქში დაეშვა. ფლორენციაში მთავრობის მეთაურს საქმე არ ჰქონია, რაც პოლიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ პრემიერი ევროპის შუაგულში რამდენიმე საათით სასეირნოდ ჩაფრინდა.